სამუშაოს მაძიებლისთვის გასაუბრება ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპია. როგორც ამბობენ, ,,პირველი შთაბეჭდილების ორჯერ მოხდენა შეუძლებელია”. ამიტომ გასაუბრებაზე თავი ისე უნდა წარმოაჩინოთ, რომ დამსაქმებელმა თქვენში დაინახოს ის სპეციალისტი, რომელსაც ეძებს და მიხვდეს, რომ სწორედ თქვენ ხართ ყველაზე შესაფერისი კანდიდატი მოცემულ ვაკანტურ ადგილზე.
რა უნდა იცოდეთ გასაუბრების წარმატებით გავლისთვის? რისთვის უნდა იყოთ მზად?
დამსაქმებელთან ტელეფონზე საუბარი:
ტელეფონზე საუბარი არის თქვენი პირველი ურთიერთობა მომავალ დამსაქმებელთან და მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე მოახდინოთ კარგი შთაბეჭდილება (თუნდაც მდივანთან მოგიწიოთ საუბარი, ის აუცილებლად გადასცემს დამსაქმებელს არასასურველი საუბრის შინაარსს).
რა უნდა დააზუსტოთ ტელეფონზე საუბრისას?
დააზუსტეთ: კომპანიის დასახელება, სახელი და გვარი იმ ადამიანის, ვინც ორგანიზებას უწევს გასაუბრებას (რათა დაუკავშირდეთ გაუთვალისწინებელი მდგომარეობის ან აუცილებლობის შემთხვევაში). დააზუსტეთ ასევე გასაუბრების ჩატარების დრო და ადგილი.
ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ.
სასურველია ინტერნეტით ან სხვა საშუალებებით წინასწარ მოიძიოთ შემედეგი ინფორმაცია:
- რას წარმოადგენს ორგანიზაცია, სადაც მიდიხართ გასაუბრებაზე;
- ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მახასიათებლები.
- რა სახის მომსახურებას ან პროდუქციას სთავაზობს ორგანიზაცია მომხმარებელს.
- რამდენი წელია რაც არსებობს და როგორ ვითარდება.
მიღებული ინფორმაცია დაგეხმარებათ თავი ყურადღებიან და კომპეტენტურ სპეციალისტად წარმოაჩინოთ.
წინასწარ მოამზადეთ პასუხები კითხვებზე, რომელიც შეიძლება დაგისვან გასაუბრებისას:
- არ გაიმეოროთ რეზიუმეში ჩაწერილი ინფორმაცია. თუ ინტერვიუერს სურს თქვენ ისაუბროთ რეზიუმეში არსებულ ინფორმაციაზე, ის თავად შეგეკითხებათ;
- ისაუბრეთ იმ დამატებით ცოდნასა და უნარ-ჩვევებზე, რაც შეიძინეთ წინა ორგანიზაციაში მუშაობით, თანამშრომლებთან ურთიერთობით. აღნიშნეთ, როგორ გამოიყენებთ ამ უნარ-ჩვევებს ახალ სამუშაო ადგილზე;
- მოახდინეთ თვითპრეზენტაცია პროფესიონალის პოზიციიდან. დაუკონკრეტეთ, რატომ თვლით თავს შესაფერის კანდიდატად მოცემულ თანამდებობაზე;
- პასუხები უნდა იყოს გულწრფელი. კითხვაზე – „რატომ გადაწყვიტეთ სამუშაოს შეცვლა?“ – არ ღირს ნეგატიური პასუხის გაცემა. ეცადეთ შემოიფარგლოთ ნეიტრალური პასუხებით: მაგალითად, პროფესიული ზრდის შესაძლებლობების არარსებობა,
- აღნიშნეთ თქვენი სუსტი მხარეების შესახებ და გადახედეთ მათ პერსპექტივაში. მაგალითად, თუ თქვენ სისუსტედ მიიჩნევთ ემოციურობას, უნდა აღნიშნოთ: „მე საკმაოდ ემოციური ვარ, რაც ხელს მიშლის გადაწყვეტილების მიღებაში. მაგრამ მე მუდმივად ვმუშაობ საკუთარ თავზე, ვხვეწ ხასიათს და ამ ხნის განმავლობაში მივიღე გამოცდილება, გავიარე ტრენინგები და მაქვს შედეგიც“. მთავარია, დაანახოთ, რომ თქვენ თავად შეგიძლიათ სისუსტეების გამოსწორება და არასასურველი შედეგებისგან თავის დაღწევა. გახსოვდეთ, სუსტ მხარეებზე დასმული კითხვა – თქვენი სტრესისადმი გამძლეობის შემოწმებაცაა. ზედმეტი აღელვება, პასუხის დროს არაადეკვატური რეაქცია გადაწონის თქვენ ძლიერ მხარეებს. აღნიშნეთ, რომ ეცდებით პიროვნულმა სისუსტეებმა ხელი არ შეგიშალოთ სამუშაოს ეფექტურად შესრულებაში.
- მოამზადეთ დოკუმენტები, რომლებიც საჭიროა თქვენი ცოდნის, გამოცდილებისა და მიღწევების დასადასტურებლად; წინასწარი ინფორმაციის საფუძველზე მოამზადეთ ის დოკუმენტები, რომელსაც ითხოვენ გასაუბრებისთვის და ადასტურებს თქვენს კვალიფიკაციას, გამოცდილებასა და მიღწევებს.
- მოიწესრიგეთ თავი, შეიქმენით საქმიანი იმიჯი; გახსოვდეთ, ადამიანებზე შთაბეჭდილების მოსახდენად უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ გამოიყურებით. სასურველია, თქვენი ჩაცმულობა შეესაბამებოდეს იმ თანამდებობრივ ადგილს, რომელზეც გსურთ მუშაობა.
- არ დაიგვიანოთ გასაუბრებაზე. უმჯობესია თქვენ დაელოდოთ 10 წუთი მოსაცდელში, ვიდრე დამსაქმებელი დაგელოდოთ ნახევარი წუთი. თუ ხვდებით, რომ ვერანაირად ვერ მიხვალთ დანიშნულ დროს, აუცილებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირება, მობოდიშება და დაგვიანების მიზეზის ახსნა. გაარკვიეთ, შესაძლებელია თუ არა გასაუბრების გადატანა სხვა დროისთვის.
- დაიმახსოვრეთ სახელი და თანამდებობა იმ პიროვნების, ვისთანაც მოგიწევთ გასაუბრება. ოფისში შესვლისას მიესალმეთ პერსონალს და სთხოვეთ, თქვენი მოსვლის შესახებ აცნობონ ინტერვიუერს.
- გასაუბრებაზე შესვლის წინ გათიშეთ მობილური ტელეფონი.
- სამუშაოზე მისვლის მთავარ მოტივად დაასახელეთ არა საკუთარი პრობლემების გადაჭრა, არამედ ის, რომ თქვენთვის საინტერესოა მოცემულ ორგანიზაციაში მუშაობა, რომ გაქვთ წინსვლის რეალური მოლოდინი და ა.შ.
- მოუყევით საკუთარ გამოცდილებაზე და დააკავშირეთ იგი იმ სამუშაოსთან, რომელზეც გინდათ რომ მიგიღონ;
- მოითხოვეთ რეალური ხელფასი;
- დამსაქმებლის დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში დააზუსტეთ მუშაობის დაწყების დრო;
- დაემშვიდობეთ თავაზიანად.
გახსოვდეთ, გასაუბრების დროს, თქვენი თავდაჯერებულობით თქვენ მოიპოვებთ ინტერვიუერების მხრიდან სიმპატიასა და ნდობას!!!