რექტორის მიმართვა

 

პროფესიის არჩევა რთული საქმეა. ძნელია, წინასწარ განსაზღვრო რა არის შენი ცხოვრების მიზანი, სად და როგორ შეძლებ თვითრეალიზაციას, მისწრაფებების და ვალდებულებების თანხვედრას, არის თუ არა შენი ადგილი ამა თუ იმ პროფესიაში. კითხვა ბევრია და წინასწარ მათზე პასუხი არ არსებობს, თუმცა, გადაწყვეტილების მიღებისას ერთში ზუსტად უნდა იყო დარწმუნებული - უნდა გიყვარდეს ის საქმე, რომელსაც ირჩევ.

მე შემიძლია გულწრფელად გითხრათ, რატომ ავირჩიე მეზღვაურობა და რატომ არის ის ჩემი ცხოვრების უცვლელი პროფესიული სიყვარულის საგანი - მე თავისუფლება მინდოდა. ვერ ვეგუებოდი აკრძალვასა და საზღვრებს, სიმტკიცისა და სიმამაცის გამოსავლენად მჭირდებოდა სარბიელი. საკუთარი თავის გამოსაცდელად მინდოდა მეტი, ვიდრე ის გარემო იძლეოდა, რომელშიც ჩემი თაობა დაიბადა. მე მინდოდა მენახა სამყარო ისეთი, როგორიც არის, მემოგზაურა, გავცნობოდი ქვეყნებს და კულტურებს, გადამესერა ზღვები და ოკეანეები. მეზღვაურობა ჩემთვის იყო თავისუფლების ბილეთი.

ახლა აღარ არის რკინის ფარდა და დაკეტილი საზღვრები, მაგრამ დამერწმუნეთ, მეზღვაურის პროფესია არის შინაგანი თავისუფლების, წინააღმდეგობების გადალახვის, საკუთარ თავზე გამარჯვების გზა და ვინც ამ პროფესიას ირჩევს, არის კიდევაც ადამიანი-საკუთარი ბედის მჭედელი. მეზღვაური მსოფლიო მოქალაქეა. მას დიდი პასუხისმგებლობა აქვს საკუთარი ქვეყნის და, არ გადავაჭარბებ, რომ ვთქვა, მსოფლიოს წინაშე, რადგან რომელი ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდის ბორტზეც ახვალ, ავტომატურად იმ ქვეყნის წარმომადგენელი ხარ, რომელ პორტშიც შეხვალ, იმ ქვეყნის სტუმარი ხდები და ვალდებული ხარ, მთელი ღირსებით დაიცვა დროშის ღირსება, გიყვარდეს ადამიანი. მეზღვაურობა მუდმივი გამოცდაა სიმტკიცესა და ღირსებაში, ურთიერთობებსა და დიპლომატიაში. ეს საქმე უნდა გიყვარდეთ!

და, რატომ უნდა აირჩიოთ ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი, თუ მეზღვაურობა გადაწყვიტეთ? იმიტომ, რომ ის ჩემი პროფესიისადმი სიყვარულის და ერთგულების გამო დავაარსე. ეს საქმე იმიტომ წამოვიწყე, რომ ღრმად ვარ დარწმუნებული, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას ბევრი მაღალკვალიფიციური საზღვაო საქმის პროფესიონალი სჭირდება. თქვენ სჭირდებით საკუთარი ოჯახების კეთილდღეობას. თქვენ მონაწილეობთ ქვეყნის ეკონომიკურად გაძლიერებაში და ეს საზოგადო საქმეა.

საქართველო საზღვაო სატრანზიტო ქვეყანაა. ძმებმა ნობელებმა სწორედ ეს უნიკალური შესაძლებლობა გამოიყენეს კასპიის ნავთობის ევროპაში გასატანად. აქედან იწყება ბათუმის პორტის გაძლიერება და მისთვის მსოფლიო მნიშვნელობის მინიჭება. აქედან დაიწყო ქალაქ ბათუმის ელვისებური განვითარება და გამდიდრება. ქალაქი, რომლის სილამაზით, არქიტექტურული ძეგლებით და ისტორიით დღეს ვამაყობთ, სწორედ პორტის განვითარების ისტორიით იწყება.  ტრანსკავკასიური მაგისტრალის მშენებლობა,  საქართველოზე გამავალი ტვირთების რაოდენობის გაზრდა, ახალი ღრმაწყლოვანი პორტების  პერსპექტივა საზღვაო საგანმანათლებლო სისტემას  გამოწვევების წინაშე აყენებს. ჩვენ უნდა მოვამზადოთ პორტის მართვის სპეციალისტები, სატრანსპორტო  ლოგისტიკის ბაკალავრები და მაგისტრები. სწორედ ამ სპეციალისტების მონაწილეობით უნდა შეიქმნას ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია. სწორედ ამიტომ, ჩვენი უნივერსიტეტი აძლიერებს ლოგისტიკის მიმართულების ფაკულტეტებს და პროფესიის არჩევისას თქვენს ყურადღებას მიმართავს ახალი და მოთხოვნადი სპეციალობებისადმი.

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი საერთაშორისო სტანდარტების და სერტიფიცირებული პროგრამების მქონე სასწავლო ბაზაა, რომელსაც აქვს უნივერსალური პირობები თქვენი მაღალი პროფესიული ჩვევების და უნარების ჩამოსაყალიბებლად. თქვენი პედაგოგები უმაღლესი კლასის სპეციალისტები, შორეული ნაოსნობის მოქმედი კაპიტნები და მექანიკოსები არიან. ჩვენი გუნდი შედგება ადამიანებისგან, რომელთაც უყვართ საკუთარი პროფესია. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საზღვაო სფეროს, სატრანსპორტო ლოგისტიკის და ტვირთების მართვის განვითარება საქართველოს მომავლისთვისაა აუცილებელი და რომ თქვენ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო  მომავალი ხართ!

                                                                                  პატივისცემით,

                                                                               რექტორი, პროფესორი და შორეული ნაოსნობის კაპიტანი,

პარმენ ხვედელიძე