იურიდიული კონსულტაცია
ბნსუ-ს იურისტი ყოველთვის მზად არის სტუდენტებს გაუწიოს იურიდიული დახმარება და კონსულტაცია მათთვის საინტერესო იურიდიულ საკითხებთან მიმართებით. ეს მომსახურება განკუთვნილია იმ სტუდენტებისთვის, რომლებსაც შესაძლოა გაუჩნდეთ კითხვები სამართლებრივი ხასიათის თემებზე, იქნება ეს განათლების სფეროში არსებული რეგულაციები, შრომითი ურთიერთობები, სტუდენტის უფლებები თუ სხვა იურიდიული საკითხები.
ფსიქოლოგიური რისკების მართვა
ბნსუ სტუდენტებს სთავაზობს მოკლე ტრენინგს "ფსიქოლოგიური რისკების მართვა", რომელიც მონაწილეებს აცნობს ფსიქოლოგიური რისკების იდენტიფიცირებისა და მართვის საფუძვლებს როგორც საგანმანათლებლო, ისე პროფესიულ გარემოში, მათ შორის საზღვაო სექტორში. განხილული თემებია სტრესისა და გადაღლის მართვა, ემოციური გამძლეობა, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების ამოცნობა და მხარდამჭერი გარემოს შექმნა. ტრენინგი განსაკუთრებით გამოსადეგია სტუდენტებისთვის, პროფესიონალებისთვის და მეზღვაურებისთვის, რომლებიც მუშაობენ სტრესულ ან იზოლირებულ პირობებში.
ფსიქოლოგის კონსულტაცია
ბნსუ უზრუნველყოფს სტუდენტების უფასო ფსიქოლოგიურ კონსულტირებას პირად, პროფესიულ და აკადემიურ საკითხებზე.
უცხოელი სტუდენტების ინტეგრაციის პროგრამა
მოიცავს უფასო ქართული ენის კურსს, კულტურული ადაპტაციის ღონისძიებებს და სოციალურ აქტივობებს, რომლებიც ხელს უწყობს უცხოელი სტუდენტების ინტეგრაციას საუნივერსიტეტო გარემოში.
გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა
ბნსუ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს საზღვაო დარგში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას. ამ მიზნით, უნივერსიტეტი ქალბატონებს უფასოდ სთავაზობს სწავლებას "საზღვაო ნავიგაციის" საბაკალავრო პროგრამებზე (როგორც ქართულენოვან, ისე ინგლისურენოვან პროგრამაზე). ეს ინიციატივა ემსახურება საზღვაო დარგის ქალებში პოპულარიზაციას და წარმოადგენს უნივერსიტეტის წვლილს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) კამპანიაში "Women in Maritime", რომელიც მიზნად ისახავს საზღვაო ინდუსტრიაში გენდერული დისბალანსის აღმოფხვრას და ქალების როლის გაძლიერებას. ეს შესაძლებლობა ზრდის ქალი სტუდენტების რაოდენობას ისტორიულად მამაკაცებით დომინირებულ პროფესიაში და უზრუნველყოფს მრავალფეროვან და ინკლუზიურ საგანმანათლებლო გარემოს შექმნას.